Name:
Navy Blue
Total Area:
175 კვ.მ
Location:
თბილისი, საქართველო
Year:
2022
სახელი:
Navy Blue
ფართობი:
175 კვ.მ
ადგილმდებარეობა:
თბილისი, საქართველო
წელი:
2022
"ფერს უჩვეულო თვისება აქვს: საკმარისია აირჩიო და გარემო ბუნებრივად და მაინც ჯადოსნურად იწყებს მასზე მორგებას და მისეული სამყაროს შექმნას.
სწორედ ასე შემოიტანა დახვეწილობა და გრაციოზულობა ბინაში Navy Blue ლურჯმა ტონალობამ, ხოლო მისი დომინანტობა ბუნებრივმა ფაქტურებმა — ხემ და ქვამ დააბალანსა და ამ ფერისთვის დამახასიათებელი მკაცრი ხასიათი შეარბილა.
მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმი ბინას ინტერიერის საინტერესო დეტალებმა შესძინა. Სტილის ხაზგასმაში განსაკუთრებით დაგვეხმარა დანიური ბრენდები Gubi და 101 Copenhagen.
ხის სასადილო მაგიდა შუშის ფეხით და უნიკალური ზედაპირით, რომელიც მისი ბუნებრივი თვისებიდან გამომდინარე სხვაგან აღარასდროს განმეორდება, ყავის მაგიდა მეტალის ქვის ბურთიანი ფეხით, Moooi-ს ბრენდის ხალიჩა Dodo Pavone, ჰარმონიული ფერებითა და ტექსტურებით, — ეს დიზაინის ის ელემენტებია, რომელიც კლასიკას და თანამედროვეობას ერთმანეთს სწორედ ამ ბინაში ახვედრებს.
სასტუმრო ოთახის კიდევ ერთი გამორჩეული დეტალი — ავეჯში ჩაშენებული მართვადი დეკორატიული ბუხარია, რომელიც უნიკალური ტექნოლოგიის დახმარებით, ნამდვილი ცეცხლის ილუზიას ქმნის და სახლში სიმყუდროვე შემოაქვს. მასიური დივანი კი იმდენად ჰაეროვნად ერწყმის მისივე ფერის კედელს, რომ საოცრად მსუბუქად იკითხება ინტერიერში.
თანამედროვეობა და ტრადიცია ამ ბინის ყველა ოთახში სინთეზირდება. Მთავარ საძინებელში ბრენდ გუბის ტრადიციული დიზაინის ტორშერი კონტრასტულად გადათამაშდება თანამედროვე
მინიმალისტურ სავარძელთან. სტუმრის საძინებლის ვინტაჟური სტილის დეკორატიული პანო თანამედროვე სტილის კედლის ბრასა და დაბურული შუშის მინიმალისტურ კარადასთან იგივე კონტრასტს ქმნის.
ნაზი და ჰარმონიული დიზაინის დაგვირგვინებაა საერთო აბაზანის კედლის დეკორატიული წყალგამძლე პანო, რომელიც ინტერიერში საინტერესო აქცენტს აკეთებს, ხოლო მცირე ზომის საპირფარეშო მოლდინგებით დახვეწილია და ინტენსიური შაბიამნისფერი კედლებით სიღრმის ასოციაციას იწვევს.
ჯამში, ფერებისა და იდეების სამყაროთა შერწყმამ ერთ ბინაში მოაქცია დიზაინის სხვადასხვა ეპოქა, რომლებმაც თანამედროვე კლასიკის ნიმუში შექმნეს და მივიწყებული სიმბოლოები ხვალინდელ კლასიკასთან დაპირისპირების ნაცვლად გააერთიანეს.
"